пятница, 29 августа 2014 г.

დიდი ფრინველი


მიწაზე ტალახისმაგვარი დიდი მრგვალი გროვაა, სველი და მეწამული. ამ გროვაში უამრავ კენკრასა და თესლს ამოუყვია თავი, 50-ზე მეტსაც კი დაითვლი. ზოგი თესლი ავოკადოს კურკაზე დიდია.
რა არის ეს? - ფრინველის სკორეა. ძალიან დიდი ფრინველის სკორე.
რა ფრინველზეა საუბარი? ეს სამხრეთული კაზუარია - Casuarius casuarius, ავსტრალიის ტროპიკული ტყეების მთავარი ხილისმჭამელი.
კაზუარი დიდი ზომის ფრინველია. არ დაფრინავს. ენათესავება ემუს. მისი უფრო შორეული ნათესავები არიან აფრიკული სირაქლემა, დარვინის ნანდუ და ჩვეულებრივი კივი. კაზუარის სამი სახეობა არსებობს. ორი სახეობის საარსებო გარემო ახალი გვინეისა და მიმდებარე კუნძულების ტროპიკული ტყეებით შემოიფარგლება. მესამე, ყველაზე დიდი ზომის სახეობა – სამხრეთული კაზუარი ჩრდილოეთ კვინსლენდის ტენიან ტროპიკულ ტყეებშიც ბინადრობს. ზოგიერთი მათგანი ტროპიკული ტყეების, მაგალითად, დეინტრის სიღრმეშიც გვხვდება; სხვები ტყის განაპირას ცხოვრობენ და ტყისპირა სახლების ეზოებშიც დაბორიალობენ.
კაზუარი ჩვეულებრივი ბაღის ფრინველი არაა. მთელ სიმაღლეზე თუ გაიჭიმება, ზრდასრული მამრი 165 სმ-ია. ზოგჯერ 50 კილოგრამზე მეტსაც იწონის.
ზრდასრული მდედრები კიდევ უფრო მაღლები არიან და შეიძლება 73 კილოგრამზე მეტსაც იწონიდნენ. მასიურობით მხოლოდ სირაქლემას თუ ჩამოუვარდებიან.
მათი პრიალა ფრთები შავი ფერისაა: ფეხები - ქერცლიანი. ფეხზე სამი თითი აქვთ,  შუა თითი წვეტიან იარაღადაა ქცეული. პაწაწინა ფრთები აქვთ და თითქმის შიშველი გრძელი კისრები, თმასავით ბუმბულით დაფარული. კანი წითელ და ნარინჯისფერ, მეწამულ და ლურჯ ფერებად ულაპლაპებთ. კისრის ფუძესთან, წინა მხარეს, ბიბილოსავით აქვთ ჩამოკიდებული ფერადი კანის ორი გრძელი ნაკეცი. კაზუარებს დიდი ყავისფერი თვალები და გრძელი, მოღუნული ნისკარტი აქვთ, თავზე მაღალი, რქისებრი მუზარადი ახურავთ.
ორი-სამი კაზუარს ნახავთ და მიხვდებით: (სხვა ფრინველებისგან განსხვავებით), ისინი ერთმანეთს არ გვანან. კაზუარი დიდია. აქვს მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა და არ იცის ფრენა. კაზუარები ადამიანებივით მოძრაობენ, ადამიანის ზომისანი არიან და ერთმანეთისგან ადვილად განირჩევიან.
ადამიანებისგან განსხვავებით, შვილებზე ზრუნვის მთელ პასუხისმგებლობას მამრები იღებენ საკუთარ თავზე - სხედან კვერცხებზე და ცხრა თვის განმავლობაში უვლიან ბარტყებს. ქალებს შურთ კიდეც კაზუარების.
ეს ფრინველი საშიში გახდება, თუ ცოცხით გამოეკიდებით. (არის Youtube-ზე ასეთი ვიდეოები), მათ ძლიერი დარტყმაც შეუძლიათ. უფრთხილდით ბარტყებიან მამრს! არ მოერიდება და შეგებრძოლებათ.
კაზუარები ძირითადად ხილით ნადიმობენ. წარმოიდგინეთ ეს უშველებელი არსება რამდენ ხილს შეჭამს! შემდეგ კი მირთმეული ნაყოფის თესლებს უვნებლად დააბრუნებს უკან. ასე დაბრძანდება კაზუარი თავის სამფლობელოში, იკვებება, წყალს სვამს, ბანაობს, საჭმელს ინელებს და თან თესლი ტყის ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვს... 
ხეტიალით, ხილის ჭამითა და თესლის გავრცელებით, ცხოველები მომავლის ტყეს ქმნიან: მათი წყალობით მცენარეები ახალ ადგილებში იზრდებიან. კაზუარები - როგორც მთავარი ხილისმჭამელები, ტყის „მთავარ არქიტექტორებადაც“ გვევლინებიან.
რა მოხდებოდა კაზუარები რომ გამქრალიყვნენ? ემუქრებათ კი მათ გადაშენების საფრთხე? წაიკითხეთ ოლივია ჯადსონის ეს სტატია ჩვენი ჟურნალის სექტემბრის ნომერში და პასუხებსაც მიიღებთ; კაზუარების ერთ ოჯახს კი ფოტოგრაფ კრისტიან ციგლერის ფოტოებით კიდევ უფრო ახლოს გაიცნობთ.