среда, 28 января 2015 г.

ეფექტური პრეზენტაციის ჩატარების 10 წესი


1. პრეზენტაციის თემაზე წინასწარ ჩაატარე კვლევა
სრულფასოვანი პრეზენტაციისთვს აუცილებელია თემის წინასწარ კარგად დამუშავება. პრეზენტატორმა უნდა იცოდეს რის შესახებ საუბრობს. არ არის აუცილებელი, გახდე ექსპერტი ან წაიკითხო ყველა წიგნი ამ თემაზე, მაგრამ უნდა შეგეძლოს უპასუხო დამატებით კითხვებს, რომელსაც პრეზენტაციის გარშემო დაგისვამენ.  დარწმუნდი, რომ გამოყენებული წყაროები სანდოა. თუ პრეზენტაციაში მოყვანილი ფაქტი არ დადასტურდა, ეს შენ თვითდაჯერებულობას აუცილებლად შეარყევს. ბოლომდე ნუ ენდობი ინტერნეტს და ფაქტები რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმე.
2. პრეზენტაციამდე აუცილებლად გაიარე რეპეტიცია
პრეზენტაციის პროცესში გამომსვლელს აუცილებლად შეატყობთ, აქვს თუ არა მას წინასწარ ნავარჯიშები საბოლოო პრეზენტაციამდე. პრეზენტაციამდე აუცილებლად იმუშავეთ იმაზე, თუ რას და როგორ იტყვით გამოსვლის დროს. წარუდგინეთ თქვენი პრეზენტაცია ოჯახის წევრებს ან მეგობრებს. ამის შემდეგ კი აუცილებლად სთხოვეთ მათ რომ შეგაფასონ. ასევე გამოცდილი და ერთ-ერთი ეფექტური ხერხია სარკის წინ ვარჯიში.
3იყავით კრიტიკული და მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ
გააკრიტიკეთ თქვენივე გამოსვლა. იმუშავეთ იმ დეტალზე, რაზეც ფიქრობთ, რომ უკეთსად გამოგივათ. შედეგად კი საბოლოო პრეზენტაციის ჩატარების დროს, თავს  უფრო დარწმუნებულად იგრძნობთ.
4. გახადეთ პრეზენტაცია მაქსიმალურად ინტერაქტიული და კრეატიული
ამისათვის შეიტანეთ პრეზენტაციაში სახალისო ფაქტები, ცნობილი გამონათქვამები, დაუსვით კითხვები აუდიტორიას და გაამდიდრეთ პრეზენტაცია სხვა ინტერაქციული აქტივობებით.
5. მოინიშნეთ ბარათზე ძირითადი თემები და საკითხები
ნუ დაიჭერთ პრეზენტაციის დროს ფურცლებს ხელში. ბარათზე მოინიშნეთ პრეზენტაციის ძირითადი თემები, დეტალების გარეშე. ძირითადი საკვანძო სიტყვების ჩანიშვნა დაგეხმარებათ, მარტივად გაიხსენოთ ის, თუ რის თქმას აპირებთ პრეზენტაციაში.
6. გაიღიმე პრეზენტაციის მიმდინარეობისას
იყავი ბედნიერი, რადგან აუდიტორიას უნდა წარუდგინო საკითხები, რაც მათ არ იციან.  კვლევები ადასტურებს, რომ ღიმილი გადამდებია. თუ გსურს რომ პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიაროს – გაიღიმე.
7. იქონიე მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან
არაფერია იმაზე მოსაწყენი, ვიდრე პრეზენტატორის მოსმენა, რომელიც სადღაც სხვაგან იყურება. მოდუნდი და იქონიე მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან. რა თქმა უნდა, დიდ აუდიტორიაში თითოეულ მათგანს თვალებში ვერ უყურებ, ამისათვის საკოორდინაციოდ უნდა აიღო სამი წერტილი, უკიდურესი მარჯვენა, მარცხენა და შუა წერტილები, რომლებსაც ეტაპობრივად უნდა შეხედო. ასე შექმნი შთაბეჭდილებას, რომ ყველა მსმენელს უყურებ.
8. აკონტროლე ხმა და ტონალობა
შენი მიზანია დააინტერესო აუდიტორია და არა დააძინო. ამიტომ აკონტროლე ხმა და ეცადე თემა საინტერესოდ გადმოსცე. შეგიძლია გამოიყენო ხელის მოძრაობა საუბართან შესაბამისად. ეს ამასთან დაფარავს შენს ნერვიულობასაც.
10. პრეზენტაციის დასასრულს გააკეთე დასკვნა
პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილი აუდიტორიაზე საბოლოო შთაბეჭდილებას ტოვებს. შესაძლოა ეს იყოს შეჯამება, ან კრეატიული დასასრული. ან სულაც დასვი რიტორიკული კითხვა, რაც აუდიტორიას შენ პრეზენტაციაზე ფიქრს გააგრძელებინებს.
10. დაუბრუნდი კუთვნილ ადგილს გაღიმებული
არ ინერვიულო, თუ აპლოდისმენტებს ვერ დაიმსახურებ. იფიქრე იმაზე, რომ პრეზენტაცია დასრულდა და შენ შეძელი ის, რაც შეიძლება სხვამ ვერასოდეს შეძლოს. პრეზენტაციამდე, პრეზენტაციის დროს და მისი დასრულების შემდეგაც იფიქრე წარმატებულ პრეზენტაციაზე და არ მისცე თავს იმის საშუალება, რომ ცუდ პრეზენტაციაზე დაგაფიქროს. გააკეთე შენი შესაძლებლობის მაქსიმუმი და იყავი თავდაჯერებული.

суббота, 17 января 2015 г.

ვინ დაადგენს პედაგოგთა შეფასების კრიტერიუმებს-სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა ცნობილია


ვინ დაადგენს პედაგოგთა შეფასების კრიტერიუმებს-სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა ცნობილიასახელმწიფო კომისია, რომელმაც მასწავლებლის შეფასების და პროფესიული განვითარების სქემით განსაზღვრული სტატუსების მინიჭების წესი უნდა შეიმუშავოს უკვე დამტკიცდა. სექტემბრიდან პედაგოგები 4 კატეგორიად დაიყოფიან. ზოგადი განათლების კანონში შესაბამისი ცვლილება რამდენიმე თვის წინ შევიდა. Aris.ge-განათლება უკევ წერდა, რომ პედაგოგთა კატეგორებად დაყოფა კანონით არ იქნებოდა განსაზღვრული და ამ საკითხს სპეციალური სახელმწიფო კომისია დაარეგულირებდა. კომისია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ დააკომპლექტა, პრემიერ-მინისტრმა კი უფლებამოსილება გუშინდელ მთავრობის სხდომაზე მიანიჭა.

კომიისის წევრებს 15 დღე აქვთ იმისთვის, რომ მინისტრთა კაბინეტს ყველა ის კრიტერიუმი წარუდგინონ რომლითაც პედაგოგთა გადანაწილება, მათი პროფესიაში შესვლა და წინსვლა განხორციელდება.

Aris.ge-განათლებისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი კომისიის წევრთა ვინაობა და კომისიის დებულება. ასევე, დეტალური ინფორმაცია კომისიის შემადგენლობის ვალდებულებებისა და საქმიანობის შესახებ. 

სახელმწიფო კომისიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ხელმძღვანელობს და ჯამში 19 წევრისგან შედგება. მინისტრთან ერთად კომისიაში წარმოდგენილია მინისტრის ორი მოადგილეც: ლია გიგაური და გიორგი შარვაშიძე. კომიის წევრები არიან ფინანსთა მინისტრის მოადგილე - გიორგი კაკაურიძე. თბილისი საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ალიბეგაშვილი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი -გიორგი მაჩაბელი და ცენტრის ექსპერტი მანანა რატიანი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევისა და საგნობრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ია კუტალაძე.

ორი წევრია წარმოდგენილი ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: რექტორის მოადგილე - იოსებ სალუქვაძე და უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ჟვანია. ილიას უნივერსიტეტიდან განათლების სკოლის ხელმძღვანელი სოფიკო ლობჟანიძე.

სქემის ასამუშავებლად საჭირო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სკოლის დირექტორები და პედაგოგებიც არინ ჩართულნი. მათ შორის თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი 126 -ე და 82 -ე სკოლის მასწავლებლები. პროფესიული სასწავლო ცენტრის "ლოგოსის" დირექტი - გრიგოლ მურღულია. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერების თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტი - მაია კობახიძე. კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი - ირინა ხანთაძე. არასამთავრობო სექტორიდან კი კომისიაში კავშირი განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი რევაზ აფხაზავა მიიღებს მონაწილეობას.

როგორ მოხდა წევრების შერჩევა და როგორ იმუშავებს კომისია, ამ კითხვებზე Aris.ge- განათლებას თავად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უპასუხა. 

"კანდიდატები ჩვენ შევარჩიეთ დამტკიცებით კი მთავრობამ დაამტკიცა. შერჩევის პროცესში ვიხელმძღვანელეთ იმით, რომ კომისია რაც შეიძლება წარმომადგენლობითი ყოფილიყო და ფართო სეგმენტი მოგვეცვა. ჩავრთეთ საზოგადოება, რომელსაც შეიძლება სიტყვა ეთქმოდეს პედაგოგიკაში. აუცილებელი იყო კომიის წევრებში ყოფილიყვნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლები რადგან აქცენტი გვაქვს გაკეთებული უმაღლესი განათლების კომპონენტზე, რადგან ვსაუბრობთ იმაზე, როგორი უნდა იყოს უმაღლესი განათლება რომელსაც მასწავლებელი გაივლის. მნიშვნელოვანია კომისიაში დირექტორების და მასწავლებლების ჩართულობაც. გვყავს როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები. ასევე სერტიფიცირებული და არასერტიფიცირებულებიც,"- ამბობს თამარ სანიკიძე Aris.ge-განათლებასთან საუბარში.

მინისტრი არ გამორიცხავს, რომ კომისიის შემადგენლობა გაიზარდოს. როგორც დებულებაში ვკითხულობთ თავმჯდომარეს აქვს უფლება გაზრადოს კომისიის წევრთა რაოდენობა, კერძოდ მოიწვიოს პარლამენტის წევრები, სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები.

რაც შეეხება კომისიას, ის მუდმივმოქმედია. შესაბამის დებულებას, რომელიც კომისიის ვალდებულებებსა და მუშაობის წესს განსაზღვრავს პრემიერმა ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. 

დებულებაში ვკითხულობთ: კომისიამ უნდა განსაზღვროს მასწავლებლის სქემაში გადანაწილების წესი; განსაზღვროს სტატუების მინიჭების წესი; განსაზღვროს სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელი გზები და საშუალებები; განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობებისა და საქმიანობის ჩამონათვალი; განსაზღვროს მასწავლებლის დამატებითი საქმიანობის ჩამონათვალი რომელიც მას კრედიტ-ქულების დაგროვებაში დაეხმარება; განსაზღვროს კრედიტქულების შეწონვის წესი; კრედიტ ქულების გადანაწილების პრინციპები და კრედიტქულების გაანგარიშების წესი; შეფასების ქულების მიხედვით დაადგინოს კრედიტქულები და მათი დაგროვების ვადა და ყველა ეს აქტივობა დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას.

აღნიშნული მოთხოვნების შესამუშავებლად კომისიას 15 დღიანი ვადა აქვს. დადგენილების პროექტის განხორციელების დედლაინად კი კომისიას 1 თებერვალი აქვს განსაზღვრული.

"გვინდა, რომ ის ჩარჩო დოკუმენტი რომელიც ერთი წლის მანძილზე მზადდებოდა დანახული იყოს სხვადასხვა კუთხიდან. ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის მანძილზე ეს იქნება ცოცხალი დოკუმენტი, თუმცა პერიოდულობით ცვლილებების შეტანა აუცილებელი იქნება. დასაწყისისთვის ყველა ის წინაპირობაა შექმნილი და ჩართულია ყველა ის მხარე, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს სრულფასოვანი დოკუმენტაცია. სამომავლოდ კი დოკუმენეტები შეიძლება შეიცვალოს, დახვეწა დასჭირდეთ, რადგან ერთია გეგმა, და მეორე პრაქტიკიდან გამომდინარე შედეგი. ეს იყო მიზეზი იმის, რომ თავიდნვე, როდესაც კანონიპროექტში ცვლილებების განხორციელებული გვინდოდა ვსაუბრობდით, რომ კანონი ყოფილიყო ჩარჩო დოკუმენტი, ეს ინსტრუქცია კი კანონქვემდებარე აქტში გაწერილიყო რაც ნიშნავს რომ პროცესები უფრო მოქნილი იქნება,"- განაცხადა Aris.ge-განათლებასთან საუბარში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

კომისიის მუშაობის საორგანიზაციო მხარეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განხორციელებს. რაც შეეხება კომისიის წევრთა ანაზღაურების საკითხს- დებულებიდან ირკვევა, რომ დადგენილების პროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე. დადგენილების პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. 

Aris.ge-განათლება გთავაზობთ კომისიის დებულებას:

ნაწილი1

ნაწილი2

გამარტივებული პორტფოლიო და გაზრდილი ხელფასი - სიახლეები პედაგოგებისთვის



საჯარო სკოლის პედაგოგების ხელფასები მომავალი 2 წლის მანძილზე სამჯერ გაიზრდება. 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პედაგოგებთან შეხვედრა გამართა და მათ უწყების მიერ დაგეგმილი სახელფასო პოლიტიკა ვრცელ პრეზენტაციაზე პირადად გააცნო. 

თამარ სანიკიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელფასების მატება მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან პირდაპირ კავშირშია. 

სქემისა და გეგმის მიხედვით, პირველადი ზრდა 2015 წლის სექტემბრიდან განხორციელდება და საბაზო ხელფასი 17%-ით გაიზრდება. სერტიფიცირებული მასწავლებლის ანაზღაურება, რომელიც მეორე კარიერულ საფეხურზე მოიაზრება, საშუალოდ, 31-34%-ით გაიზრდება. შესაბამისად, საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე 760 და 860 ლარი იქნება.

2015-2016 აკადემიური წლის ხელფასის ზრდის მეორე ეტაპი 2016 წლის აპრილის თვიდან განხორციელდება და საბაზო ხელფასი ამჟამინდელ ხელფასთან მიმართებაში 34%-ით გაიზრდება. მასწავლებელის ანაზღაურება, რომელიც მეორე კარიერულ საფეხურზე მოიაზრება, ამჟამინდელ ხელფასთან შედარებით სრული განაკვეთის შემთხვევაში, საშუალოდ, 47%-ით გაიზრდება. შესაბამისად, საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე 875 და 1085 ლარი იქნება.

მასწავლებლის ხელფასის ზრდის მესამე ეტაპი 2017 წლის იანვრიდან განხორციელდება.მასწავლებლის ანაზღაურება, რომელიც მეორე კარიერულ საფეხურზე მოისაზრება, ამჟამინდელ ხელფასთან შედარებით სრულ განაკვეთის შემთხვევაში გაიზრდება საშუალოდ 88%-ით. შესაბამისად, საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე 1050 და 1250 ლარი გახდება.

შეხვედრაზე დამსწრე პედაგოგთა უმრავლესობა ხელფასის მატებას იანვრიდან ელოდა, თუმცა მინისტრმა განმარტა, რომ ხელფასების ახალი წლის დასაწყისიდან გაზრდის საშუალებას სახელმწიფო ბიუჯეტი არ იძლევა. 

"ნამდვილად ველოდი, რომ ხელფასები იანვრიდან გაიზრდებოდა, გულიც დამწყდა.. მაგრამ რას იზამ... მთავარია, ის რასაც ახლა დაგვპირდნენ სექტემბრიდან მაინც შესრულდეს,"- განუცხადა Aris.ge-განათლებას ხონის მეორე სკოლის პედაგოგმა. 

"ყველას, მათ შორის მეც, მინდა, რომ ხელფასები ახლა, ამ წუთში გაიზრდოს, მაგრამ ასე არ ხდება... კარგია, რომ დაიგეგმა და ვფიქრობ შესრულდება კიდეც. მთავარია, ხელფასების ზრდასთან ერთად ყველაფერი არ გაუფასურდეს, როგორც ხდება ხოლმე. ხელფასების მატებას დიდი დამცავი მექნიზმი სჭირდება,"- ამბობს ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის პედაგოგი ალექსანდრე ჭიპაშვილი. 

სახელფასო პოლიტიკის ირგვლივ არსებული საკითხების გარდა, შეხვედრაზე კითხვები მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გარშემოც დაისვა. 

დღეს გახდა ცნობილი, რომ "პორტფოლიოების ფორმატი მაქსიმალურად გამარტივდება საბოლოო ვარიანტი კი სპეციალური კომისიის მუშაობის ფარგლებში ჩამოყალიბდება".

დამსწრე პედაგოგებმა დაგეგმილი სიახლე დადებითად შეაფასეს.

ქეთევან ლომიძე 215 სკოლი პედაგოგი - ძალიან შრომატევადი სამუშაო გვქონდა ჩასატარებელი, მიხარია, რომ პორტფოლიოები გაამარტივეს და პედაგოგებს ხელი შეგვიწყვეს. 

რაც შეეხება სპეციალურ კომისიას, რომელმაც სქემაზე უნდა იმუშაოს, მას განათლების სამინისტროს წარდგინებით უახლოეს მომავალში მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცებს. 

კომისიამ უნდა განსაზღვროს:

სქემაში გადანაწილებისა და მასწავლებლის შეფასების წესი, სქემით განსაზღვრული სტატუსების მინიჭების წესი, სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელი საქმიანობის და აქტივობების ჩამონათვალი, კრედიტ ქულების შეწონვის წესი და მათი კონვერტაცია.
თამარ სანიკიძე ვარაუდობს, რომ კომისია მუშაობას წლის ბოლომდე თუ არ დაასრულებს, დაიწყებს მაინც და მომავალი, 2015 წელი მთლიანად პედაგოგთა საკლასო შეფასებას დაეთმობა.


რაც შეეხება პედაგოგებს შორის გაჩენილ კითხვას - რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მასწავლებელი უარს იტყვის ახალ სქემაში მონაწილეობაზე, განათლების მინისტრი განმარტავს, რომ "სქემა სავალდებულოა და მას პიროვნება მასწავლებლის პროფესიის არჩევასთან ერთად ირჩევს."

четверг, 15 января 2015 г.


ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში უკვე გაყიდვაშია თბილისსა და რეგიონებში!

სახელმძღვანელო განკუთვნილია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული მოზარდებისათვის, მორგებულია ყველა ასაკის მოსწავლეზე მე-7 კლასის ჩათვლით.

მეთოდური სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს მოსწავლეებისათვის "სწავლა კეთებით" პროცესში. ის წარმოადგენს ერთგვარ რესურს ინოვაციური საგაკვეთილო პროცესის წარმართვისათვის. მორგებულია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ჩასატარებელი გაკვეთილებისათვის ბუნებაში.

სახელმძღვანელო ფერადი ილუსტრირებულია.
სახელმძღვანელოში შესულია მარტივი ექსპერიმენტები, სახალისო წასაკითხი, ასათვისებელი თეორიული მასალა. მოჰყვება 2015 წლის ფერადი კალენდარი, ასევე საინტერესო, ილუსტრირებული დანართები.





понедельник, 12 января 2015 г.

ლავუაზიეს წრე

- თუ გაინტერესებს ბიოლოგია და ქიმია, ცოცხალი სამყარო და მისი მოლეკულური შემადგენლობა
- თუ გსურს გახდე საინტერესო, ჯადოსნური ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერიმენტების შემოქმედი
- თუ ხარ აბიტურიენტი, აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტები სპეციალურად შენთვის აწყობს
კონკურსს - ლავუაზიეს წრე.
დარეგისტრირდი და მოიპოვე სასწავლო ვაუჩერები!
ლავუაზიეს წრის პირველი ტური გაიმართება 2015 წლის 1 მარტს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში.
კონკურსი გუნდურია და 3 ტურად ტარდება. შენ შეგიძლია თავად აირჩიო თანაგუნდელი, თუნდაც სხვა სკოლიდან.
თუ შენ ჯერ არ გყავს სრული გუნდი - დარეგისტრირდი, თუნდაც ინდივიდუალურად დაჩვენ დაგეხმარებით გუნდის დაკომპლექტებაში.
მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცემათ სასწავლო ვაუჩერი ბაკალავრიატში სწავლის დასაფინანსებლად:
კონკურსის შედაგად გამოვლინდება 6 საუკეთესო გუნდი.
საუკეთესო შედეგების მქონე გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდება Pt (პლატინის) ვაუჩერით, მომდევნო ორი გუნდის წევრები მიიღებენ Au (ოქროს) ვაუჩერს, შემდეგი სამი გუნდის თითოეული წევრს გადაეცემა ვერცხლის Ag (ვერცხლის) ვაუჩერი.
Pt ვაუჩერი - 4900 ლარი
Au ვაუჩერი - 2940 ლარი
Ag ვაუჩერი - 1200 ლარი
ვაუჩერები აგრარული უნივერსიტეტის აგრარულ და საბუნებისმეტყველო, საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე და თავისუფალ უნივერსიტეტში ფიზიკის, ასევე, მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა სკოლაში დააფინანსებს ბაკალავრიატში სწავლის საფასურს. ვაუჩერები მოაკლდება სწავლის გადასახადს 8 სემესტრის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ონლაინ-რეგისტრაცია მიმდინარეობს 27 თებერვლის 18:00 საათამდე.

შეხვედრა ქიმიის პედაგოგებთან

2015 წლის 10 იანვარს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის შეხვედრა თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების ქიმიის პედაგოგებთან. შეხვედრაში 30-მდე პედაგოგი იღებდა მონაწილეობას.
სპქა-მ წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ მასწავლებლების წინაშე წარადგინა. მიმდინარე წელს სპქა-ს ძირითადი პრიორიტეტი იქნება სკოლებისა და მასწავლებლების მხარდაჭერა.
შეხვედრაზე დაისახა მიზნები, რომ:
•ქიმიის პორტალზე www.chemistry.ge გაკეთდება სპეციალური გვერდი ქიმიის მასწავლებლებისათვის, რომელზეც მათ შეეძლებათ თავისუფლად დარეგისტრირება. სპქა ყველა რეგისტრირებულ მასწავლებელს ყოველი თვის ბოლოს გაუგზავნის სიახლეებს და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციას;
•სპქა ქიმიის პორტალზე მუდმივად გამოაქვეყნებს ინფორმაციას ქიმიის პედაგოგების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ
•ერთობლივი ძალებით შემუშავდება სასკოლო სწავლების თვალსაჩინოების მასალები და სხვა დამხმარე რესურსები
•საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე დაიგეგმება და ჩატარდება ტრენინგები
•საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება „ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი“, რომელშიც გაწევრიანება შეეძლებათ ქიმიით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს.
•ქიმიის მასწავლებლებს უფასოდ ექნებათ შესაძლებლობა განათავსონ პუბლიკაცია ჟურნალში „ქიმიის უწყებანი“
•გასვლითი სამეცნიერო-პოპულარული ლექციების ჩატარება სკოლებში
ასევე გადაწყდა, რომ მასწავლებლებთან შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს. იგეგმება მასწავლებლებთან შეხვედრები რეგიონებშიც.

суббота, 3 января 2015 г.

ცნობილი ფიზიკოსებისა და მათი აღმოჩენების შესახებ

სასწავლო პროექტი


პროექტის ავტორი: ნანა გიგოლაშვილი
საგანი: საბუნებისმეტყველო
მეცნიერებების საფუძვლები.
კლასი: VII–2,  VII–6
94-ე საჯარო სკოლა.

ცნობილი ფიზიკოსებისა და მათი აღმოჩენების შესახებ

პრობლემა: საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ნაკლები ინტერესი.
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის, კომუნიკაციის, კვლევითი უნარ–ჩვევების განვითარება.
სამოქმედო გეგმა:
1. მიზნობრივი ჯგუფების შექმნა.
2. ინფორმაციის მოძიება ფიზიკოსებზე(პასკალი, არქიმედე, ჰუკი, ნიუტონი, ბროუნი) და მათ აღმოჩენებზე
3. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე პოსტერების, ბუკლეტების დამზადება.
4. ელექტრონული პრეზენტაციების, ვიდეოების შექმნა მეცნიერებზე და მათ ზოგიერთ აღმოჩენაზე.
5. პრაქტიკული სამუშაო (დრეკადობის ძალის განსაზღვრა).
6. პოსტერების, ბუკლეტების, მოდელების გამოფენა პარალელური კლასის მოსწავლეებთან ერთად

მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები გაუზიარებენ ნაშრომებს ერთმანეთს, გაცვლიან მოძიებულ ინფორმაციას, გაეცნობიან და შეაფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს, მასწავლებლის დახმარებით შექმნიან ბლოგს, სადაც განათავსებენ პროექტის მიმდინარეობის ამსახველ ფოტო მასალას, ელექტრონულ პრეზენტაციებს.