2015-2016 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2015-2016 სასწავლო წლისათვის.
რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად:
I ეტაპი: 2015 წელი, 23 აპრილი - 4 მაისი
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:
- რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
- რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
- რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;
I ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში, 2015 წლის 5 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით.
II ეტაპი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია
2015 წელი, 15 მაისი - 9 ივნისი
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით.
I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
III ეტაპი: 2015 წელი, 22 ივნისი - 11 ივლისი
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
2015-2016 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий